Saturday, November 1, 2014

PEN-მარათონი

  
         13 ოქტომბერს კიკეთის გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრირებული პროექტის - პენმარათონის პრეზენტაცია შედგა.
    პროექტის მიზანი იყო გამოევლინა კრეატიულად მოაზროვნე ბავშვები. მოსწავლეებსდაევალათ 20 წუთში შეექმნათ მხატვრული კომპოზიციები სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და მიმდინარეობის ფერწერული ნამუშევრების მიხედვით, რომლებშიც მხატვრულად გაანალიზებდნენ, ჩაწვდებოდნენ ასახულ თემებს, იდეებს, ინფორმაციასა და პრობლემატიკას; ამოიცნობდნენ ან თავად შეთხზავდნენ ავტორების მხატვრულ თუ იდეურ მიზანდასახულობას.
   წერის დაწყებამდე მეექვსეკლასელებმა წარმოადგინეს მცირე ანოტაციები მოცემული
სურათების ავტორების შესახებ.
   მარათონში VII-VIII-IX-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარმატებით
გაართვეს თავი ბლიცდავალებას და შემოქმედებითი აზროვნების უნარი გამოავლინეს.
   შედგა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა ბავშვების ნამუშევრები და გამოავლინა გამარჯვებულები:
                     გრანპრი- ნინი ხუბულია
                     I ადგილი- მარიამ გასვიანი
                    II ადგილი-ანანო ღვინეფაძე
                    III ადგილი-სანდრო ამირანაშვილი
  გამოვლინდა  გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც: საუკეთესო სიუჟეტი,
ორიგინალური ფორმა, მხატვრული ხერხების ეფექტური გამოყენება, მკითხველის სიმპათია, ყველაზე კრეატიული ნაშრომი.
  სიგელები საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრისათვის გადაეცა მარათონის ყველა
მონაწილეს.
              პროექტის ხელმძღვანელები: მაკა ინაშვილი, ნანა კუნჭულია. 

                      





                                                                   

                                                                  რენე მაგრიტი




ზუსტად არ ვიცი, ილუზია იყო თუ ცხადი, თუმცა ერთი რამ დანადვილებით მახსოვს: მე და რენე დაუსულებლად მივდიოდით, მივდიოდით ღრუბლებისკენ, უსასრულობისკენ, ზეცაში... ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ: ხშირად მომსვლია ასე, როდესაც სუბრისას მიწიდან რამდენიმე მეტრზე მიგვრძვნია თავი. ჩვენ ბევრ რამეზე ვმსჯელობდით, უმეტესად კი ცხოვრებაზე, მარადისობაზე, სიყვარულზე, ადამიანებზე... დაუსრულებელმა ფიქრმა და სჯა-ბაასმა შორს წაგვიყვანა, ძალიან შორს. ახლა კი აღარც მახსოვს, რითი დავიწყე. ჰო, რა თქმა უნდა, ღრუბლებით
   კარგია ღრუბლებში, როდესაც საოცარ სიმსუბუქეს გრძნობ. უსასრულო ხეტიალი, როცა ყველაფერს ივიწყებ და სხვაგან, სხვ პლანეტაზე მოგზაურობ რენესთან ერთად...            უცებ მივხვდი, რომ მიზიდულობის ძალა მაფხიზლებდა და მიწისკენ მექაჩებოდა. რამდენიმე წამში ჩემს საწოლ ოთახში გავიღვიძე საოცარ განწყობაზე. მე ხომ ჩემს საყვარელ მხატვართან, რენე მაგრიტთან ერთად მთელი მსოფლიო შემოვიარე.

                                                                                                        ნინი ხუბულია




ნიკო ფიროსმანი

  






 შეშინებული მივრბოდი, მივრბოდი სადღაც შორს... გზა კი არ მთავრდებოდა. თითქოს ერთსა და იმავე  ადგილს ვთელავდი. გარშემო არაფერი იყო, გარდა უღრანი ტყისა. ცაზე სავსე მთვარე ანათებდა, გვერდს კი ვარსკვლავები უმშვენებდნენ.
  თითქოსდა ამ მშვიდ გარემოში, აფორიაქებული ძლივსღა ვითქვამდი სულს. გადიოდა წამები, წუთები, საათები, გზა კი არ ილეოდა. მახსოვს როგორ ვლოცულობდი, რომ ამ საშინელი ადგილიდან გამეღწია.
  უცბად რაღაცის ლანდი დავინახე. ცხოველი იყო თუ ადამიანი არ ვიცი. ვცადე, გამომერკვია, მაგრამ ყველაფერი ბნელმა მოიცვა.
  გამეღვიძა...ისევ იქ, კოცონის გვერდზე,  ვიწექი.
  სადღაც შორს კი დათვი სავსე მთვარეს შეჰყურებდა...


                                         მარიამ გასვიანი




                                                                      რემბრანდტი



  სევდიანი , ემოციისაგან დაცლილი და გამოცდილი თვალები. მარტო ტკივილი ან სევდა არ ჩანს, აქ ბედნიერი წუთებიც არის აღბეჭდილი. მათში გრძნობის ტალღა მძლავრია. მშვიდი გამომეტყველება ყველაფერს ცვლის და ასხვაფერებს. თვალებში დრო ჩანს. დრო, რომელშიც ცხოვრობდი. შეიძლება ცადო შენი განცდის დამალვა, მაგრამ თვალები გაგყიდიან. მათში ხომ მთლიანად შენ ხარ ასახული. თმაც გაგთეთრებია და ხვდები, დიდი დრო გავიდა. არადა,  როგორი ლაღი იყავი, როგორი მხიარული და როგორ უცბად გიწევს გახდე ის, ვინც ახლა ხარ. სრულიად განსხვავებული იმ ახალგაზრდისაგან. დროს შეუცვლილხარ, ყველაფერი უკან დაგრჩა, წარსულში...
  დაუსრულებელი გეგონა ბედნიერება, ლხინი და ძალ-ღონე, შენს ხელებს შეტყობია, დაღალულა, დამჭკნარი, ისიც ბევრის მთქმელია, ბევრის გამკეთებელი. გარეგნულად მოხუცებულხარ და ძალა აღარ შეგწევს, იყო ის, რაც შენს შიგნით ცხოვრობს, ისევ ახალგაზრდა და ისევ მხიარული- წინ რომ ბევრი გქონდა გასავლელი.



ანა ღვინეფაძე




                                                                      ედუარდ მანე




. . . თითქოს თვალებით მელაპარაკება, თვალებით მეუბნება, რომ მოწყენილია. მასში სევდა ჩაიღვარა და წვეთავს. უმანკო და სათნო ტუჩებით „მესაუბრება“ თავის დარდზე და თითქოს ეს-ესაა ატირდება.
-  როგორ ბრძანდებით? - გამოვესაუბრე მხიარული, მაგრამ მანუგეშებელი ხმით.
- როგორც ყოველთვის, ჩვეულებრიავად. - სხარტად მომიგო.
ეტყობოდა, რომ გული ჰქონდა ნატკენი, გატეხილი და მისი გამთელება ვცადე:
-  ცეკვა ხომ არ გნებავთ?
 ის დუმს, ფიქრობს, და უცებ სახე გაუნათდა, გულმა ძველებურად იფეთქა, გაიღიმა და თქვა :
- რატომაც არა?!
  მართლაც, რატომაც არა?! რატომ უნდა მოიწყინო, რატომ უნდა შეაქციო ზურგი ცხოვრებას, ის ხომ ისედაც ერთია, ჩვენ ერთხელ მოვდივართ და ერთხელ მივდივართ. ასე რომ, ნუ მოვიწყენთ, ვიყოთ სულ ბედნიერები და სევდა დავივიწყოთ.
    იქნებ მეც დამინახეთ სარკეში - ედუარდ მანე.
                                                                                                               სანდრო ამირანაშვილი


                                                            
                                                       ფაიუმის პორტრეტი



მეცნიერებმა დიდხნიანი ძებნის შემდეგ ნახატი იპოვეს , რომელზედაც ქალი საყურეებით იყო გამოსახული. არავინ ელოდებოდა, თუ ამ სურათთან ერთად წერილსაც იპოვიდნენ, რომელიც სავარაუდოდ ამ ნახატის ავტორმა თავის სატრფოს მიუძღვნა. როგორც შემდგომში გაირკვა, მან ვერ მოასწრო მისი მისთვის მიცემა.
ჩემო ძვირფასო,
 გიძღვნი ამ ნახატს, ჩემგან სამახსოვროდ. როგორც ხედავ, საყურეებიც დავხატე, რომელიც შე ოცი წლის დაბადების დღეზე გაჩუქე. დაგხატე ისეთი, როგორადაც მინდა სამუდამოდ დამამახსოვრდე. შენი თვალები მუდამ მოფიქრალი, შავი, მაგრამ ძალიან ღრმა დარდისაგან უფრო ჩაშავებული. გახსოვს, როდესაც პირველად შეგხვდი? გავა დრო, ამ ახატს იპოვის ვინმე და ვერც კი მიხვდება თუ რამდენი ღამე თეთრად გავათენე. წარმოგიდგენდი შუაღამისას, მესიზმრებოდი. და აი, საბოლოოდ, მინდა ჩემს გრძნობებში გამოგიტყდე...…”

   სახელიც კი არ იკითხება ავტორის. ამ ერთ ნახატში რახელა ისტორია დევს. ჩვენ კი მისი სახელიც არ ვიცით...

ნატო ბალავაძე



                                           ელენე ახვლედიანი

  ერთ დილას გავიღვიძე და რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა. გავედი გარეთ და სოფელს გავხედე:  ვხედავდი, თუ როგორ იფარებოდა მიწა თეთრი ფიფქებით, თითქოს თეთრ კაბას იცვამდა . ვხედავდი, როგორ შიშვლდებოდნენ ხეები, სახლის სახურავები მძიმე თოვლით იყო დაფარული და უჩვეულოდ ბრწყინავდა, ირგვლივ სრული სიმშვიდე იდგა, საკვამურებიდან  კვამლი ამოდიოდა.  ბავშვები ყიჟინით გამოვარდნენ სახლებიდან. მათი სიცილი თითქოს ქვეყანას ალამაზებდა, გუნდაობდნენ, თავიანთ ემოციას თითოეულ გუნდაში დებდნენ, მაგრამ დავინახე ადამიანებიც, რომლებსაც ამის ხალისი სულაც არ ქონდათ:  ზოგი თონეს ანთებდა , ზოგიც კი  სახლში წყალს ეზიდებოდა... თუმცა ზამთარი ხომ ის დროა, როდესაც ყველაფერი ფასს კარგავს,  გარდა ბედნიერებისა!

                                                                                                    ნინი ფურცელაძე



                                                                       კლოდ მონე


ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო!
   დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, თუ შენ ჩემს გვერდით არ იქნები, შენი დანახვისას სული მეხუთება. ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ ერთად ვართ.  მოწმენდილი ცა, ყვავილებით სავსე მდელო,  მე და შენ...
   შენი სახე! მისი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ მოვა დრო, როდესაც შენ სახეს ტილოზე გადავიტან და ყველა ნახავს, რა მშვენიერი ხარ.  ქალღმერთივით გაცხოვრებ, არაფერს არ მოგაკლებ, მხოლოდ ერთს გთხოვ... სიყვარულს.  მე შენგან მხოლოდ სიყვარული მჭირდება. მეტი არაფერი.
  ახლა შენს თვალებში სევდას ვხედავ, მაგრამ მალე, ძალიან მალე მათში მხოლოდ ბედნიერება და სიხარული დაისადგურებს.

 მიყვარხარ!

 შენი ერთგული კლოდ მონე .
ბაია მაისურაძე






                                                         ედუარდ მუნკი


ტკივილი.
ღელვა.
სიმწრის განცდა.
ყველაფერი იშლება, ქრება... თითქოსდა არ არსებობს და არც არსებობდა.   
გატეხილი გული, სიძულვილი.
ტკივილი გულის სიღრმეში -საკუთარი თავის ტყვე.
წყვდიადში იკარგები. რა ხდება?- ამ ყველაფერს ძირი არ უჩანს.
კივილი.
 უსასრულო კივილი.
                                                            საბა ტუღუში

-სიცოცხლეს აზრი არ აქვს. მშვიდობით, მსოფლიო!
-მშვიდობით...
ექო ნელ-ნელა ქრება. ის კი სიბნელეში ინთქმება.

                                                                       ლაზარე მინდორაშვილი




                                                                          ვან გოგი



  ვხედავ მოხუცს, სახეზე ხელაფარებულს. ტირის, ტირის , მაგრამ მაინც არ მიმჩნევს. თითქოს რაღაცა იცის... თავს მარიდებს. ვცდილობ, გამოვეცნაურო, მაგრამ ისევ დუმს და მარტო ტირის. მტანჯველი სახით ამომხედა სულ ორი წამით, მაგრამ ისევ აიფარა თავისი დანაოჭებული ხელები. ეტყობა ღარიბი და მათხოვარია, მაგრამ ვხედავ სხვა რამეს, რაღაც  არაამქვეყნიურ სიკეთეს.  მას მხოლოდ პერანგი, გაცვეთილი შარვალი და თაგვისგან შეჭმული ფეხსაცმელი აცვია. გარეთ თოვს, მაგრამ სახლში ბუხარი ანთია. ვუკვირდები, მაგრამ მაინც ვერ ვცნობ, ვინ შეიძლება იყოს? წვერგათეთრებული, მხრებჩამოყრილი, ერთი მეგობარი მყავს, დანარჩენი კი ... თითქოს მისი სახე საიდანღაც მეცნო, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიხსენე. ისევ არ მიმჩნევს. უცბად ამომხედა.  მეგონა,  ლაპარაკი  უნდა დაეწყო, მან კი მანიშნა, მუნჯი, მუნჯი ვარო.
  თითქმის მთელი დღე მას ვუყურებდი, მაგრამ გახსენება მაინც ვერ შევძელი.

ქრისტინე ღვინეფაძე



                                                                          ვან გოგი 



ისევ დაღამდა.
ისევ გალამაზდა ქვეყანა.
ლამაზი საღამო.  ლამაზი მთვარე. სახლებში სინათლე. ნიავი ოდნავ არხევს ხეებს. ვარსკვლავები ისე კაშკაშებენ, თითქოს რაღაცის თქმა უნდათ. ვინ იცის, ალბათ ამბობენ კიდეც.
დედამიწა მოხატულ ნახატს ჰგავს. ალბათ ბევრი იშრომა ღმერთმა მის შესაქმნელად.
ლურჯი ცა.
ნარინჯისფერი მთვარე.
ღია ნაცრისფერი ნისლი... და მწვანე ხეები.
ამ ყველაფერში კი ყველაზე ლამაზი ადამიანია.
გიორგი ნიორაძე



                                           


                                                    დავით კაკაბაძე
     




   შემოდგომის სუნი იდგა. ირგვლივ ყველაფერი აჭრელებულიყო. ბებია კი მარტოსულად იჯდა ბაღში, შვილიშვილების წასვლით დაღონებული. ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე და თან ქსოვდა. არც იცოდა ვის უქსოვდა, მაგრამ დრო უნდა გასულიყო, კიდევ ერთი დღე, რომელიც შვილიშვილებთან დააახლოებდა. მას ცხოვრებაში ბევრი რამ გადაეტანა და ეს მისი სახის ნაკვთებში ნათლად იკითხებოდა. სახე მკაცრი ჰქონდა, მშვიდი. ბუნება ჰგვრიდა მას სიმშვიდეს. მისგან არც თუ ისე შორს კარიბჭე მოჩანდა, რომლის ქვეშაც ბალახი ბიბინებდა, ეს ამწუხრებდა ბებიას, რადგან სურდა ბალახი გადათელილი ყოპილიყო ნაფეხურებით, მაგრამ როგორ? როცა მას იშვიათად ტუ სტუმრობდა ვინმე. ფოსტალიონი თუ შემოივლიდა ხოლმე დეკემბრის ბოლოს და შვილის წერილს მოუტანდა. ბებია საპასუხოდ პროდუქტს უგზავნიდა მას საახალწლოდ. ახლა ისევ მარტო იყო და სიყვარულით ცოცხლობდა. ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ უყვარდა. იჯდა და ქსოვდა.
                                                                                თაკო ზარნაძე



ვატო 



 არლეკინი, მარტოსული, განსხვავებული და ცალკემდგომი, სევდიანი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიყურებს და თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს, ხოლო სხვა ყველა უკან მდგომი ბრბოა, რომელსაც იგი გამოეყო. მისი ფიგურა და დგომის მანერა არაფრის- მთქმელია, ხოლო  თვალები გვეხმარება დავინახოთ მისი სევდა..
 იგი ჯამბაზია და ყველა დამცინავად უყურებს მხოლოდ მისი ტანისამოსის გამო, მაგრამ მასში ბევრად მეტი სევდაა, ვიდრე სხვებში, ალბათ სწორედ მისი პროფესიიდან გამომდინარე იგი ყველას ღიმილს გვრის, ხოლო სევდას და გულწრფელ გრძნობებს თვისთავში კეტავს და ეგუება ბედს.

                                                                                                    ანა მოსაშვილი



                                                                 
                                                                       პიკასო

  სიჩუმე.
 შიში.
 გრძნობა-გონების მაღალ ქარაფებს მელანქოლიის ძალუმი ტალღები გამეტებით ეხეთქება.
 მარტოობის ბორკილებს მიჯაჭვული სული და ნაფლეთ მოგონებებად ქცეული ბავშვური სილაღე.
  წითური არც კი თამაშობს. დანაღვლიანებული  შეჰყურებს მტრედის ციცქნა თვალებში ჩაგუბებულ უზარმაზარ შიშს. რისი იმედი უნდა ჰქონდეს გამაყრუებულ სიჩუმეში მარტო დარჩენილს? ბავშვობა წაართვეს, დაამცირეს, დაატყვევეს და ისიც თავდავიწყებით მიილტვის თავისუფლებისკენ. მაგრამ ვის შეებრძოლოს, ვინ დაამარცხოს? ის ხომ უმანკო ანგელოზია, რომელიც ღმერთს ამქვეყნად დარჩა, მაგრამ კომპრაჩიკოსი ბედისწერა თურმე ანგელოზებსაც არ ინდობს. მან წითური მწუხარების სამუდამო ტყვედ აქცია.

                                                                                            ზუკა ზაალიშვილი






                                                           ჟორჟ დე ლატური





     „ჩემთვის ყველაზე საშინელი ღამე დადგა. წვიმს, ჭექა-ქუხილია. ცოტა ხნის წინ შავებში ჩაცმული კაცი მოვიდა. ხელში შავი ფურცელი და ყუთი ეჭირა. ძალიან შემეშინდა, გული ცუდს მიგრძნობდა. კაცს ფურცელი და ყუთი გამოვართვი. ისე მეშინოდა, მაdლობის თქმაც კი ვერ მოვასწარი. თვალებდახუჭულმა ყუთი გავხსენი და დავინახე თუ არა,  შიგნით რაც იდო, ტირილი დავიწყე... ჩემი ქმარი აღარ არის! მან ხომ ისიც კი არ იცოდა, რომ შვილი ეყოლებოდა და მამა გახდებოდაბავშვი უმამოდ უნდა გაიზარდოს?.. როგორ გავზარდო?.. რა ვქნა?..  
     ცეცხლი მალე ჩაქრებაარ მინდა,  ეს ქალიც მას დაემსგავსოს.  მას ხომ შვილი ეყოლება... არ მინდა,  სხვებმაც განიცადონ ის, რაც ამ ქალმა განიცადა. ეჰ... მაგრამ რა იცი,  ცხოვრება რას გიმზადებს...
                                                                                                      ელენე პაპაშვილი